logo
ENG



 ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრაზე საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ

01 მარ 202123:11
3 წუთის საკითხავი
 
 ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრაზე საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით ჩატარდა, 6 საკითხისგან შემდგარ ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმდნენ, რომელთა შორის რიგგარეშე არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება არის. 

ამასთან, როგორც ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერზე დღესვე შეთანხმდებოდნენ არ ყოფილა.  

"შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ეს მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს",- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. 

მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები გამართა. მიშელი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. 


close დახურვა